პაატა იმნაძე – კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს ​

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ამჟამად არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. თუმცა,  როგორც ის აღნიშნავს, თუ ვაქცინა არ იქნება, დიდია იმის ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ იქნება, რისთვისაც მოსახლეობა მზად უნდა იყოს.

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. იმედი გვაქვს, რომ ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი იქნება.

თუმცა, ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც რამდენჯერმე აღვნიშნეთ და სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუ ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არ გვექნება მომავალი ზამთრისთვის, თუ არ გვექნება ვაქცინა, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არის იმის, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“,- განაცხადა იმნაძემ.