საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან, მისი თქმით, საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები.
„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. უნდა განვმარტო ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი “სხვისი თხოვნით, ზეწოლით ან რეკომენდაციით” არ შეუწყალებია.
“არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ “უნდა-თი” არ უნდა საუბრობდეს, მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა, არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.
„წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრების გადავსების მაგივრად დღეს საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. პოლიტიკოსი რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელია და უნდა დასრულდეს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.