დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომ ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს და „გარღვევა მოახდინოს“.
„კრიზისი უნდა იყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვში, მოთხოვნა მიწოდებაში, ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში უნდა ვიყოთ, არა. დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში,“- განაცხადა გახარიამ.
ამასთან,პრემიერ-მინისტრის,ინფორმაციით, მთავრობა ცალკეული ტურისტული ადგილების კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებას განიხილავს. როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ ზონებს შორის განიხილება საირმე, წყალტუბო, გუდაური და კიდევ რამდენიმე პატარა მობილური ზონა. მისივე თქმით, ასეთი ზონა ვერ იქნება აჭარა, თუმცა შესაძლებელია გახდეს აჭარის ცალკეული ლოკაციები.
„იმ პროცესებიდან, რომელიც დღეს ეკონომიკაში ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი აჭარა უნდა გახდეს. ძირითადად იმიტომ, რომ ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს ისევე, როგორც თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები, გამოვაცხადოთ კოვოდისგან უსაფრთხო ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც პატარა მობილურ ზონებზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს: საირმე, წყალტუბო, გუდაური, ბაკურიანი … აჭარა ასეთი ფორმით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა აჭარის გარკვეული ნაწილები შესაძლებელია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროებს, იქ სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ბათუმზე ვიფიქროთ, როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები”, – განაცხადა გახარიამ.