პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.
პრემიერის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს.
„საქართვლოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.
ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან ,პრემიერის განცხადებით, საქართველო „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს.
„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი – პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა ერთ საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, – აღნიშნა პრემიერმა.