საქალაქთაშორისო შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თბილისსა და რუსთავში შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობას.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლოს ამ ქალაქებში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვებიც მოიხსნას.
„პრემიერმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრულები.
თანმიმდევრულად ვმოქმედებდით მაშინ, როდესაც ეს შეზღუდვები შემოვიღეთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და ვცდილობთ, რომ ასევე თანმიმდევრულად, რისკების კონტროლით, ეტაპობრივად ავხსნათ შეზღუდვები.
ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაყრდნობით, სწორედ სიტუაციის შეფასებით მივიღეთ ყველა გადაწყვეტილება და მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება.
თბილისისა და რუსთავის მომიჯნავე რაიონებში ჯერ კიდევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის ისეთი, რაც ჩვენ არ გვაძლევს ვადაზე ადრე შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას. ამიტომ მიმდინარე დღეებში ჩვენ კიდევ დავაკვირდებით როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არა მხოლოდ თბილისსა და რუსთავში, არამედ მომიჯნავე რაიონებში და ამაზე დაყრდნობით, არ არის გამორიცხული რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ჩვენ ამ ქალაქებში შესვლაზე და ასვლაზე შეზღუდვები მოვხსნათ” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.