რუსთავში ღია და დახურული ტიპის 3 ბაზარი ფუნქციონირებს. მათ შორის, ერთი ღია ტიპის საბითუმო სავაჭრო ბაზარია, ორი კი დახურული.
როგორია პროდუქციის ფასები აგრარულ ბაზარში და გახდა თუ არა უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტი მყიდველებისთვის მას შემდეგ, რაც ქალაქში აგრარულმა ბაზრებმა ფუნქციონირება დაიწყეს ?!
ამ დროისთვის პროდუქტების ღირებულება რუსთავის აგრარულ ბაზარში ასეთია: კიტრი 2 ლარი; პომიდორი 3 ლარი, ე.წ. თურქული პომიდორი – 3.50 – 3.80 ლარი; კარტოფილი ახალი – 2 ლარი; ძველი 1,70 ლარი; სტაფილო 1.50 ლარი; ჭარხალი – 1.50 ლარი; ბადრიჯანი – 2.50 ლარი; ნიორი 3.50 ლარი; ლობიო 3.50 ლარი; ვაშლი 1.50 ლარი; ალუჩა 7 ლარი; მარწყვი 9 ლარი.
ბაზრის მოვაჭრეები TV4-თან საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი გასულ წელთან შედარებით უხვია და მალე ფასების კლებას ვარაუდობენ.
“დისტრიბუციის პრობლემა არ გვაქვს მერიამ საშვები მოგვცა ჩავდივართ და მოგვაქვს პროდუქტი უპრობლემოდ. წელს უფრო უხვი მოსავალია და ფასებიც დაბალია”
“პროდუქტი ჯერ ახალი შემოსულია თანდათან უფრო დაიკლებს. პროდუქციის ყიდვისა და ჩამოტანის პრობლემა არ გვაქვს”
რუსთავის ღია საბითუმო ტიპის ბაზარში მისული მყიდველები აღნიშნავენ, რომ იქ არსებული ფასები სუპერმარკეტში პროდუქტზე ფიქსირებულ ღირებულებასთან შედარებით დაბალია, თუმცა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
“ხალხი ბაზრის გახსნას იმიტომ ელოდა, რომ მოლოდინი გვქონდა პროდუქტები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ ზოგადი ფასი მაინც მაღალია და ყველაფერი ძვირია”
“ბაზრის ფასები, თითქმის, არ გასხვავადება სუპერმარკეტების ფასისგან, მაგალითად, კიტრი აქაც 2 ლარი ღირს და მაღაზიებშიც, ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა”
“სუპერმარკეტებში ფასები ძალიან მაღალია, მაგრამ აქაც სიძვირეა, აი ნახეთ რა ვიყიდე, პენსიონერისთვის განსაკუთრებით ყველაფერი ძვირია”
TV4 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის სტანდარტებითაც დაინტერესდა. ბაზრის შესასვლელში მოქალაქეებს თერმოსკრინინგის პროცედურა უტარდებათ და ადგილზე პირბადეებით შესვლა დაუშვებელია.
თუმცა მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა რთულია. მათივე თქმით, არის ფაქტები, როდესაც პროდუქტზე შეხება ხელთათმანის გამოყენების გარეშე ხდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის შესრულებას მინიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს.
როგორც სააგენტოში TV4-ს განუცხადეს, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 50-მდე ღია და დახურული ტიპის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. მათ შორის 6 ქვემო ქართლის რეგიონშია განთავსებული – რუსთავში 3 ღია და დახურული ტიპის ბაზარი, გარდაბანში -1, მარნეულში 1 და დმანისში -1.