როგორია საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა და მათი ინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში მძიმე პაციენტები აღარ ჰყავთ. მისივე განმარტებით, 33 პაციენტიდან 1 არის კრიტიკული, დანარჩენები კი საშუალო სიმძიმის არიან.

„ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი, ეს არის დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 39%. საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოჯანმრთელებულია. ეს ხუთივე პაციენტი არის ცნობილი წყაროდან და ისინი საკარანტინე სივრცეში იყვნენ, იქიდან არიან გადაყვანილები სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენთან ამ 5 პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი. ჩვენს ცენტრში რჩება უცვლელი სიტუაცია – 33 დადასტურებული პაციენტი გვყავს. მძიმე პაციენტების სტრუქტურა შეგვეცალა. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელთანაც დღესაც სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს, ძირითადად პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდია.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, მთლიანობაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

ბოქსირებულ სექტორში არის 55 პაციენტი, მათგან 45 კოვიდინფიცირებულია. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 7. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება. მათგან 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც დადასტურებული დიაგნოზით მცხეთის საავდმყოფოდან არის გადმოყვანილი. ის მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თუმცა როგორც ვიცით, ის იქაც ცხინვალიდან გადაიყვანეს. 70 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცია. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. საყურადღებოა კვლავ 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა. რაც შეეხება ექთანს, რომელიც თეთრიწყაროდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.