რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა

დღეს, 16 მაისს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა. 

პარკი დამსვენებლებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მიიღებს.
 
ადგილზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ჯანდაცვის სფეროსა  და “რუსთავსერვის ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
 
“სხვადასხვა რეკრეაციული სივრცეები მართლაც გადატვირთული იყო ქალაქში და შეზღუდვების მოხსნასთან  ერთად, ჩვენც გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და ალბათ უფრო სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დღევანდელ დღეს პარკი გაიხსნა და განიტვირთება ის რეკრეაციული სივრცეები, რაც ქალაქში გვაქვს.
 
პარკი ფუნქციონირებს დაიწყებს დილის 07:00 საათზე და საღამოს 8 საათამდე, კომენდანტის საათის შეზღუდვამდე იქნება ეს რეგულაცია. კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ ალბათ გარკვეულ ცვლილებებს ჩვენც შევიტანთ, პარკის ადმინისტრაცია და იმ დროზე ჩამოვყალიბდებით, რა დროზე იფუნქციონირებს რუსთავის პარკი,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
 
ქალაქის პირველი პირი დამსვენებლებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
 
პარკში კეთილმოწყობისა და გამწვანების  სამუშაოები უკვე ჩატარდა. ასევე,  როგორც “რუთავსერვის ცენტრის” წარმომადგენელი TV4-თან აცხადებს,  საბავშვო ატრაქციონებს დეზინფექცია  ჩაუტარდა და პროცესი რეგულარულად გაგრძელდება.
 
შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალური პარკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით 29 მარტს დაიკეტა.