რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე-“პროგრამა ღირსეულია”

 მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმის შესახებ Tv4-თან  რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე კომენტარს აკეთებს.  როგორც დეპუტატი აცხადებს, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ფერმერების დასახმარებლად ახორციელებს, სოფლის მეურნეობაზე დადებითად აისახება, თუმცა როგორც მან TV4-ს განუცხადა, პროგრამების უფრო ადრე ამოქმედება, დარგისთვის გაცილებით ეფექტური იქნებოდა.

“კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ყოფილიყო 2 თვის წინ ,სანამ ძალიან ახალი იყო დავუშვათ, ეს პანდემია, მაგრამ იცით თქვენ, რომ სანამ მობილიზება არ მოხდებოდა ამ თანხების, იცით რომ მსოფლიო შეჩერებულია ეკონომიკურად და აქ დიდ დახმარებაზე საუბარი არ არის, რომელიც ყველა განვითარებად ქვეყანას ეყოფა, ეს ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ძალიან სერიოზული რესურსები მოეზიდა, დაახლოებით, 3 მილიარდზეა საუბარი, რომლითაც უნდა მოხერხდეს ეს დახმარება.

კარგი იყო ეს ყველაფერი ყოფილიყო გაზაფხულზე, როცა მიწის სამუშაოები იწყება, მაგრამ მაქსიმალურად სწრაფად, როცა მოხერხდა და მზად იყო ხელისუფლება ამისთვის, დააანონსა და ახლა ერთი დღეც არ უნდა იყოს დაკარგული მიწის სამუშაოებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, თვითონ პროგრამა არის იმდენად ღირსეული და კარგი, რომ ძალიან ახლებურად გადააზრებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მთლიან კონცეფციას,” – განაცხადა პაატა მხეიძემ.

საკმარისი იქნება თუ არა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული თანხები ფერმერების დასახმარებლად?-TV4-ის  კითხვაზე საპასუხოდ დეპუტატი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ,თანხები საკმარისი არ იყოს, თუმცა ის ფერმერებს სერიოზულ შეღავათს გაუწევს.

“გულწრფელად გეტყვით, შესაძლოა არ იყოს საკმარისი, მაგრამ სერიოზული შეღავათი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფერმერი, 200 ათას ფერმერზეა საუბარი, ვინც ამ დახმარებას მიიღებს, ფლობს ათეულობით ჰექტარ მიწას. საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა არის. მაშინ, როდესაც სახელმწიფო გიფინანსებს ლარით ნაკლებად, იგივე დიზელის საწვავს ეს ხომ ყველაფერი შეღავათია.

კარგია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა ვახერხებდეთ, უფრო მეტით დახმარებას, მაგრამ ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე, სახელმწიფოს შეუძლია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორისთვის, ვინაიდან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთიდან იმპორტს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენი პროდუქტი ბევრად უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთაა” – განაცხადა პაატა მხეიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გუშინ წარადგინა. იხილეთ ვიდეო, თუ რა დახმარებებს ითვალისწინებს ანტიკრიზისული გეგმა.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

📢📢 "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" – მთავრობის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 13 mei 2020