რუსთავის ცხელების ცენტრში ტესტის პასუხს კოვიდ-19-ზე 13 პაციენტი ელოდება,მათ შორის 5 სამხედროა

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს 13 ადამიანი ელოდება. ცხელების ცენტრში აცხადებენ, რომ მათ საკვლევი მასალა უკვე აუღეს, ტესტები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან ცხელების ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან მომატებული ტემპერატურითა და საეჭვო სიმპტომატიკით 5 სამხედრო პირია გადმოყვანილი.

ამ დროისთვის პაციენტები ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული და რუსთაველი ექიმები მათზე დაკვირვებას განაგრძობენ. 

ინფორმაციისთვის, ცხელების ცენტრში პაციენტები 112-ზე განხორციელებული ზარის საფუძველზე შედიან. საეჭვო სიმპტომების პაციენტების ცხელების ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილებას, 112-ის სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი იღებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად დამატებითი რესურსები მობილიზდა. სამედიცინო დაწესებულება სრულად დაიცალა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა.