რუსთავში ორ თვეში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით,ცხელ ხაზზე სულ 10 გამოძახება დაფიქსირდა

 რუსთავში ზაფხულის  სეზონის მოახლოებასთან ერთად  ქვეწარმავლების პრობლემა აქტუალური ხდება – რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, მერიის ცხელ ხაზზე ზარები უკვე ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, ზარების დიდი რაოდენობა არ შეინიშნება. 

 როგორც  დავით ბეგაშვილმა TV4-თან საუბრისას აღნიშნა, მარტისა  და აპრილის თვეში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე სულ 10 გამოძახება დაფიქსირდა და შესაბამისმა სამსახურმა ქვეწარმავლის აყვანა განახორციელა.

ამასთან, როგორც დავით ბეგაშვილი აცხადებს, გარდა გამოძახებისა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრევენციისთვის შესაბამის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. 

ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავსერვის ცენტრი” სისტემატიურ რეჟიმში ახდენს ბალახის დადაბლების სამუშაოებს, რაც ქვეწარმავლებთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

“მოგეხსენებათ რუსთავი თავისი გეოგრაფიული არეალით განეკუთვნება ისეთ ადგილ, სადაც ქვეწარმავლები არსებობენ და ყოველწლიურად, როდესაც გარემოპირობები აძლევთ ამის საშუალებას ქვეწარმავლები გამოდიან და ხდება ხოლმე მოსახლეობის მიერ მათი შენიშვნა. ზუსტად ამის გამო, დიდი ხანია ჩვენს სამსახურთან არსებობს ჰერპეტოლოგიური ჯგუფი. ესენი პროფესიონალური ჰერპეტოლოგები არიან, რომლებიც სეზონის დაწყებიდან, ასე ვთქვათ თვე-ნახევარია დაახლოებით, 24 საათი მუშაობენ და რეაგირებენ ყველა გამოძახებაზე.

ვერ გეტყვით ,რომ რამე მომატებულია, იმიტომ რომ აპრილში სულ 8 გამოძახება იყო, მარტში 2, იმიტომ რომ ეს წვიმიანი ამინდები და შედარებით დაბალი ტემპერატურა ხელსაყრელი სიტუაციაა და ამიტომ არც ჩანდნენ.

გარდა გამოძახებისა, ჩვენი თანამშრომლების მიერ ხდება ხალხმრავალ ადგილებში ქვეწარმავლების  ასე ვთქვათ​, ამოკრეფვა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია რომ გამოილევა, განსაკუთრებით კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც წყალია, სადაც მწვანე საფარი არის, მაგრამ ყოველშემთხვევაში, მომდინარეობს წინასწარ ამოკრეფვა და საკმოდ ბევრი ქვეწარმავალი არის უკვე აყვანილი,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

დავით ბეგაშვილმა tv4-ს ინფორმაცია მიაწოდა,თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე იმ შემთხვევაში თუ ქალაქში ქვეწარმავალს შენიშნავს. 

“ნებისმიერ რუსთაველს, რომელიც შენიშნავს ქალაქში ქვეწარმავალს შუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე დღე ღამის ნებისმიერ დროს და ჩვენი სპეციალისტები მივლენ და უზრუნველყოფენ ქვეწარმავლების ამოყვანას და მათ, ასე ვთქვათ, გაუნებელვყოფას,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ქვეწარმავლების დაფიქსირების შემთხვევაში ყველა მოქალაქეს შეუძლია რუსთავის მერიის ცხელ ხაზს, 24-საათიან რეჟიმში დაუკავშირდეს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05