რუსთავში ხეების შეწამვლის სამუშაოები ჩატარდა

რუსთავში დაავადებული ხეების შეწამვლის სამუშაოები ჩატარდა. დღეს ხეები რუსთველის, ფიროსმანისა და კოსტავას ქუჩებზე შეწამლეს.

როგორც რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ TV4-თან საუბრის დროს განაცხადა, რუსთავში უკვე მესამე წელია, რაც ხეების შეწამვლის სამუშაოები სპეციალური პრეპარატების გამოყენებით წელიწადში ორჯერ მთელი ქალაქის მასშტაბით ტარდება. 

მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება ეს ყოველივე კი ქალაქში დაავადებული ხეების გადარჩენასა და ჯანსაღი ხეების  შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. 

“წიწვოვანი მცენარეები 75 ჰექტარზეა გაშენებული და უმეტესობა წარმოადგენს კორპუსებთან ახლოს მდებარეობას, ამიტომ შეირჩა ისეთი პრეპარატი, რომელიც არის უსაფრთხო, უბრალოდ გარკვეული დრო სჭირდება, რის გამოც ვცდილობთ, რომ საღამოს საათებში მოხდეს შეწამვლა და პრევენციის მიზნით დაზღვეული ვიყოთ. 

ამ დროისთვის ფაქტობრივად ცენტრალურ ქუჩებზე უკვე მთავრდება სამუშაოები დარჩენილია კოსტავას გამზირი, რუსთაველი და ფიროსმანის ქუჩა. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს საწარმოებთან და თვითონ საწარმოებში შევალთ, დიდ საწარმოებზე მაქვს საუბარი: “აზოტი”, “მეტალურგია”… იცით, რომ ფართობი ძალიან დიდი მათი და იქაც შევალთ, ყველა ლოკაცია თუ არ მოვიცავით გადამდებია ეს ავადმყოფობა, რომელიც წიწვოვან მცენარეებს შეიძლება ჰქონდეთ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ლოკაცია მოვიცვათ”,-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ. 

განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში ქალაქში არსებული დაავადებული შავი ფიჭვები შეწამლეს. დაავადებული ხეების შეწამვლა ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატ ”ნორდექსით“მიმდინარეობს, რაც მოსახლეობისთვის საშიში არ არის. 

სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ტექნიკის დახმარებით  “რუსთავსერვისცენტრის” თანამშრომლებმა ჩაატარეს.