სავაჭრო მოლებში მოქალაქეთა ტემპერატურა ვიდეოსკრინინგით გაკონტროლდება

სოციალური თავშეყრა საკმაოდ მაღალია მოლებში, ამიტომ განსაზღვრული არის ასევე კვადრატულობა, თუ რამდენი ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს ასეთი ტიპის ობიექტებში – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სავაჭრო მოლებში მოქალაქეთა ტემპერატურის კონტროლი ვიდეოსკრინინგის სისტემით მოხდება

“რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მოლების წარმომადგენლებთან და ფაქტობრივად შეიძლება, ითქვას, შეჯერებული ვართ ყველა იმ პუნქტზე, რომლის დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ. სოციალური თავშეყრა საკმაოდ მაღალია ასეთი ტიპის ობიექტებთან, ამიტომ განსაზღვრული არის ასევე კვადრატულობა, თუ რამდენი ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს მოლში…

იმისათვის, რომ ადამიანების ტემპერატურის კონტროლი მაქსიმალურად შევძლოთ, გამოიყენება ვიდეოსკრინინგი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მასობრივად ბევრი ადამიანის სკრინინგი მოხდეს. თუ ცხელება იქნება, ამ შემთხვევაში ვიდეოკამერა მოახდენს შესაბამისი ალარმის მეშვეობით რეაგირებას. გამწოვი ვენტილაცია არის მოთხოვნილი, სადაც გაზრდილი ოდენობით იქნება გარედან სუფთა ჰაერის კონცენტრაცია შემოტანილი. ასევე ლიფტების სახელურების, ესკალატორის სახელურების დეზინფექცია. ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა მოხდეს შესაბამისი წესით დასუფთავება. ზოგადად, ეს სადეზინფექციო კონტროლი არის გაძლიერებულად მოთხოვნილი…

ხვალ დავამტკიცებთ დოკუმენტს და მალე მიიღებენ სამუშაოების განხორციელების უფლებას. ბუნებრივია, უფლება უნდა მიიღონ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. მათთან ერთად მოვახდინეთ ამ დოკუმენტის შემუშავება და წინსწრებით იციან, რა მოთხოვნები არის.”,- აღნიშნა ბექა ფერაძემ