ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მისი ამოქმედების შემდეგ, მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდება.
აროგორც მინისტრმა განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როდის ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთავრობას ჯერ არ მიუღია.
“ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა. შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გარდა ამისა, მინისტრმა სავაჭრო ობიექტების ამუშავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ეტაპისთვის კონსულტაციები მხოლოდ იმ მაღაზიებთან მიმდინარეობს, რომელთა შესასვლელი ქუჩის მხრიდან არის.