“საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი სწრაფი რეაგირება და პრევენცია იყო”

საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეა „კოვიდ-19“-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„დაწყებული იანვრის თვიდან საქართველოს მთავრობა იღებდა მკვეთრ ზომებს „კოვიდ-19“–ის გავრცელების წინააღმდეგ, სოციალური დისტანცირების გამოყენებით, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაციითა და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ცხელების პროგრამების დანერგვით.

ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგრძელებინა სწავლება სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ ონლაინ სამუშაო პლატფორმებს. დავნერგეთ სპეციალური აპლიკაცია – Stop Covid თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ თავის განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად არის მობილიზებული.

„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაერო-ს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მზად არის, დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.