საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 18 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება, 4 საკარანტინო სივრციდანაა, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა.
„დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.