გეტადან და მუშევანიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს 17 კოვიდინფიცირებული თბილისის კლინიკებში გადაჰყავთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადან და მუშევანიდან, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებს 17 კოვიდინფიცირებული თბილისის კლინიკებში გადაჰყავთ.

მუშევანში, გუშინ კოვიდ-19-ით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის სოფელში კოვიდინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა, სოფელ გეტაში კი 8 ახალი შემთხევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 13-ს შეადგენს.

პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინე ზომები 25 აპრილიდან მოქმედებს, სოფელი გეტა კი დღეს დილის 6 საათიდან დაიკეტა. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოეწყო ე.წ. ბლოკპოსტები. ადგილზე სიტუაციას შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სულ 139 პირს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში აღებული 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან კი ვირუსი 17 პირს დაუდგინდა. მუნიციპალიტეტში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 49-ს შეადგენს, 3 პირი კი გარდაცვლილია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე იმყოფება.