სოფელ მუშევანში სინჯი 556 ადამიანს აუღეს-ამირან გამყრელიძე

დღეს სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით
მოსახლეობის გაფართოებული შემოწმება ჩატარდა. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს.

ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. სოფლიდან  ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი. PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

 

” სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში გვაქვს 60-მდე კოვიდ დადებითი შემთხვევა. ყველაზე დაზიანებულია ბოლნისი და მუშევანი. 55 შემთხვევაა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანილი. 60-მდე ადამიანი კარანტინშია.

გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა, მაგრამ დამყოლობა იყო რთული. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ ბევრი იმუშავეს. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს. ჩატარდა სერიოზული სამუშაო. ცხრა ბრიგადა მუშაობს. ვიყავი მისული. მოსახლეობა უკვე კმაყოფილებას გამოთქვამს. დამყოლობა იყო კარგი. 556 ადამიანს აუღეს სინჯი. ხვალ დღის ბოლომდე იქნება აღებული სინჯები, სულ 575 სინჯს ავიღებთ. მოვიცავით მთელი სოფელი. იმის მიხედვით, როგორი პასუხები იქნება, გადაწყდება, თუ რა ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

,,სოფელ მუშევანში ეპიდსიტუაციის კონტროლისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახლეობის პისიარ ტესტებით შემოწმება ჩაატარეს, ლუგარის ცენტრში სულ გამოსაკვლევად 574 ნიმუშია გადაგზავნილი.

მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი ერთ-ერთია იმ ორი დასახლებიდან ,სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელი 25 აპრილს ჩაიკეტა, ჩვენი მოქალაქეები ზრუნვის გარეშე ერთი დღე არ დაგვიტოვებია. ამ დროის განმავლობაში არაერთი პრევენციული ღონისძიება გავატარეთ, პერიოდულად ვეხმარებოდით მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს, თუმცა დღეს დავიწყეთ ყველა ოჯახისთვის 100-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება.

ყველაფერს აკეთებენ ეპიდემიოლოგები იმისთვის, რომ ამ სოფელში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს და ვიმედოვნებ, მუშევანიც მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, არიან გამოჯანმრთელებულებიც.