სოფელ მუშევანში COVID19-ზე ტესტის ჩატარების მსურველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლში, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების მსურველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

მისივე განმარტებით, დღეს ეპიდემიოლოგები და მედიკოსები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მცხოვრებლებთან მუშაობდნენ. როგორც მან აღნიშნა, მოლოდინი იყო, რომ 400-მდე ტესტი ჩატარდებოდა, თუმცა ჯამში ტესტის ჩატარების 115-მდე მსურველი აღმჩნდა.

„დღეს, ჩვენგან სამი ბრიგადა იყო გაგზავნილი. დიდი იმედი გვქონდა, რომ დიდი ოდენობით ადამიანი მოვიდოდა და ჩაიტარებდა ტესტირებას. მხარში ამოგვიდგა ქვემო ქართლის გუბერნატორი, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ მარნეულსა და კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე დაგვეხმარა ბოლნისის მერი.

სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა არ მოვიდა. ველოდებოდით, მოვიდოდა 300-400 ადამიანი, თუმცა ბოლო მონაცემებით მოვიდა 115 ადამიანი. მოვუწოდებ ამ სოფლის მოსახლეობას, საჭიროა, ვიცოდეთ ამ სოფელში რეალურად მდგომარეობა, რათა დავამთავროთ და გავანულოთ ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 131 პირის საკვლევ მასალაზე ელოდებიან ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. მათი დიდი ნაწილი სოფელ მუშევანიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშებია.