უხანში ბოლო ერთი თვის განმავლობაში COVID19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

უხანში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, „კოვიდ19“-ის შემთხვევა ისევ დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკების ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებულის მეუღლესაც, თუმცა ის უსიმპტომო პაციენტია.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით გამოვლინდა კიდევ ოთხი უსიმპტომო შემთხვევა, თუმცა უხანში უსიმპტომო პაციენტებს ინფიცირებულთა შორის არ მოაიზრებენ.

შეგახსენებთ, უხანში საზღვრები 78 დღიანი კარანტინის შემდეგ 8 აპრილს გახსნეს. ქალაქში „კოვიდ-19“-ის სულ 50 334 შემთხვევაა დაფიქსირებული.