სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ჯიბლაძის ინფორმაციით, ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ.
მისივე ცნობით, ფერმერებს სპეციალური ბარათები დაურიგდებათ და ბარათების გამოყენებას სპეციალური ტერმინალების საშუალებით შეძლებენ.
„ დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები. ანუ კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა.
მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ მაღაზიებში ექნებათ შესაძლებლობა , რომ ეს ბარათები გამოიყენონ და გაანაღდონ ის ქულები, რომლებიც ბარათზე დაერიცხებათ. ამავდროულად, 1 ჰექტარზე მეტი მიწის მეპატრონეებს, რომელთაც რეგისტრირებულ აქვთ მიწა შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მექანიზაციის სერვისით, სადაც ანალოგიური პრინციპით გაანაღდებენ ბარათზე დარიცხულ ქულებს და მექანიზაციის სერვისს მიიღებენ“,-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გლეხებს აგრო ბარათზე ყოველ 1 ჰა-ზე 200 ლარის ექვივალენტი 200 ქულა დაერიცხებათ. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.








