ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
მათვე ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას.
„ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებული გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად განხორციელდება გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, 3 ხიდის რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გზის თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფა. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 399 999 ლარია. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.