რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
როგორც tv4-ს ცენტრალური საავადმყოფოდან აცნობეს, სამედიცინო დაწესებულების ემერჯენსის ყველა განყოფილება ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას და დაწესებულებაში კოვიდის მიმღები ცენტრი იზოლირებულად,ინფექციური განყოფილების შენობაში იქნება განთავსებული.
“ჩვენი საავადმყოფო 1-ლი ივნისიდან განაახლებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მივიღებთ ყველა პაციენტს, ვისაც აქამდე ვღებულობდით. ემერჯენსის ბლოკში არსებული ყველა განყოფილება სრული დატვირთვით ამუშავდება, თუმცა ცხელების ცენტრი დარჩება იგივე წესებით, იგივე დაცვით, როგორც აქამდე იყო და მოვემსახურებით ცხელებიან პაციენტებსაც,” – განაცხადა რუსთავის ცენტალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ.
ცნობისთვის, რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ჯამში, 300-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც კორონავირუსი ცენტრში მოთავსებულ მხოლოდ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა ასევე, ბოლნისიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ვირუსული ინფექციისგან განიკურნენ.
ამასთან, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო, უპირველესად ცხელების ცენტრად გადაკეთდა, ხოლო შემგომში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებამ კოვიდის მიმღებ ცენტრად დაიწყო ფუნქციონირება. პანდემიის პირობებში,სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ემერჯენსის განყოფილება ფუნქციონირებდა, სხვა სამედიცინო დახმარების გაწევისთვის, პაციენტების სხვა კლინიკებში გადამისამართება ხდებოდა.