2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათები, რომელსაც ამ ეტაპზე თბილისის მერიის პროგრამა მოიცავს, შესაძლოა, მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„არ შემიძლია, ხაზგასმით არ აღვნიშნო, რაზეც კახა კალაძეც ისაუბრებს, მერიის პროგრამა, რომელზეც ახლა ვფიქრობთ, რომ გავავრცელოთ საერთოდ ქვეყანაზე, 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება. ვიცი, რომ ცხრა პროექტი უკვე განხილულია და დაკმაყოფილებულია და ეს დაახლოებით 3 500 ოჯახზეა. უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა რომ საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდა, საკუთრება ექნებოდა, ბინა ექნებოდა, საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა და სამწუხაროდ, აი, ასე მოხდა. განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აბსოლუტურად გონივრული გააზრებული ნაბიჯია, რომ მეოთხე ანტიკრიზისული პროგრამა სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს ეძღვნება.
„ეს არ არის მხოლოდ მშენებლობისა და დეველოპერების დახმარება, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის დახმარება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა პრემიერმა.