ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე 279 შეტყობინება შევიდა, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.
რაც შეეხება ტარიფებს – სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ქეთი გოგილაშვილის განცხადებით, კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს, რადგან მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს.