22 მაისის საღამოს კომენდანტის საათი მხოლოდ სამი საათი გაგრძელდება

 22 მაისს კომენდანტის საათი საღამოს  მხოლოდ 3 საათი გაგრძელდება  და 23 მაისის დადგომისთანავე, 00:00 წუთიდან მოიხსნება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს. 

ვინაიდან პარლამენტს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული, კომენდანტის საათის შეზღუდვაც სწორედ 22 მაისის დასრულებამდე გაგრძელდება და არა ისე, როგორც აქამდე, დილის 6 საათამდე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კორონავირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტიდან მოქმედებს და მისი დარღვევა ფიზიკური პირების 3 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შეგახსნეებთ იმ შეზღუდვებს, რომლებიც ამ დრომდე მთავრობის გადაწყვეტილებით მოიხსნა. 

  • 11 მაისიდან გაიხსნა ჩაკეტილი თბილისი;
  • 11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს;
  • აღდგა სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
  • ისევ მუშაობს ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
  • უკვე შესაძლებელია კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
  • დაშვებულია სამშენებლო მასალების წარმოება, მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა.
  • დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
  • ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
  • შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
  • გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი;
  • 14 მაისიდან გაიხსნა მოძრაობა რუსთავსა და გარდაბანში;
  • 18 მაისიდან გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;
  • 18 მაისიდან მოიხსნა 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეებში;
  • მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით უახლოეს დროში იგეგმება ქალაქი ბოლნისის და სოფელ რაჭისუბანის გახსნაც.  ასევე, მთავრობა, ეპიდემიოლოგიური შედეგების მიხედვით, გეგმავს თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის გახსნას.