26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”.

1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ხმამაღლა წაიკითხა „დამოუკიდებლობის აქტი“:

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო… ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ სახელმწიფოებრვი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს… ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო აცხადებს: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!“

საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჰიმნი ვერ იმღერეს, რადგან ჯერ არ ჰქონდათ.

საბჭოს წევრებმა აირჩიეს პარლამენტის პრეზიდიუმი: კარლო ჩხეიძე – თავმჯდომარე, ე. თაყაიშვილი და ი. ბარათაშვილი – ამხანაგები (მოადგილეები).

კარლო ჩხეიძემ, თავის მხრივ, წაიკითხა პირველი მთავრობის სია. მთავრობის ლოჟაში პირველი ავიდა ნოე რამიშვილი, რომელიც იყო საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე. შემდეგ ავიდნენ მინისტრები: ნ. ხომერიკი, გ. გიორგაძე, გ. ლასხიშვილი, გ. ჟურული, შ. მესხიშვილი, ივ. ლორთქიფანიძე და მინისტრის ამხანაგები (მოადგილეები). ა. ჩხენკელი დაუსწრებლად დაადგინეს მინისტრად.

1918 წლის 26 მაისს „დამოუკიდებლობის აქტი“ მეორედაც წაიკითხეს, ამჯერად სასახლის წინ შეკრებილი „ტფილისის ხალხისთვის“, რომლებსაც აივნიდან მიმართა პარლამენტის კანცელარიის მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

დღის ბოლოს დეპუტატები შეუდგნენ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერას.

მღელვარება და სიხარული საერთო გახდა. დამსწრე საზოგადოებამ პარლამენტის წრე გადმოლახა და დეპუტატებში აირია. საქართველოს დამოუკიდებლობის საძირკვლის ჩამყრელნი პრეზიდიუმის მაღლობზედ ადიოდნენ და აქტზედ ხელს აწერდნენ. წუთი, კაცი და ქაღალდი ისტორიული ხდებოდა!“, – იხსენებდა წლების შემდეგ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მონაწილე.

 

როგორც ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, 26 მაისი ნამდვილი სახალხო დღესასწაული იყო. სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, რესპუბლიკის დროშებს მოქალაქეებიც ჰფენდნენ თავიანთი აივნებიდან; მოქალაქეები ასევე მონაწილეობდნენ საზეიმო მსვლელობებში და სიამაყით ატარებდნენ რესპუბლიკის სიმბოლიკიან სამკერდე ნიშნებს.

 

 

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ,  არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

 კორონავირუსის პანდემიის გამო  26 მაისს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.