სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლა დღევანდელი სამყაროს რეალობაა. COVID-19-ის პრევენციისთვის გვიწევს დისტანციურად მუშაობა და ამ გამოწვევასთან გამკლავება ჩვენს ძალისხმევას მოითხოვს.
როგორ ვიყოთ პროდუქტიული? გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს , რათა სახლიდან მუშაობა უფრო პროდუქტიული გახადოთ.
1. თანამშრომლებთან აქტიური კონტაქტი – სამსახური ჩვენს გონებაში ასოცირდება იმ ხალხთან, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით სამუშაო გარემოში. ჩვენი თანამშრომლების ოფისში დანახვა ავტომატურად გვახსენებს და გვაფიქრებს იმ საკითხებზე, რომლებზეც ერთად უნდა გვემუშავა, შესაბამისად, გუნდის წევრებთან ურთიერთობისას იქმნება სამუშაო განწყობა და გვმატებს მოტივაციას – განვაგრძოთ ის მიზნები, რომლებიც გუშინ ერთად დავისახეთ. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ეფექტური გზა პროდუქტიულად მუშაობისას არის თანამშრომლებთან კავშირის შენარჩუნება, ყოველდღიურად დაურეკეთ მათ! ამის განხორციელება შესაძლებელია პოპულარული ონლაინ კომუნიკაციის არხებით – Google Meet და Zoom.
2. 45 საათიანი სამუშაო კვირის მითისგან განთავისუფლება –
კვლევების მიხედვით ადამიანები, რომლებიც სამსახურში დღეში 8 საათს ატარებენ, რეალურ მუშაობაში ხარჯავენ 2 საათსა და 53 წუთს, დანარჩენი დრო იხარჯება კოლეგებთან საუბარში, ვერანდაზე მოწევაში და ა.შ.
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ ხშირად ხდება, რომ სახლში 4 სთ მუშაობის შემდეგ უკმაყოფილების შეგრძნება გვაქვს, რადგან სამსახურის ჩველ რეჟიმში 8 საათი ვმუშაობდით, ახლა კი მხოლოდ 4 სთ ვიმუშავეთ და გვგონია, რომ ამის გამო არაპროდუქტიულები ვართ. რეალურად კი, ვინც ფრილანსერად მუშაობს, ის მუშაობაზე დახარჯულ საათებს პროდუქტიულად იყენებს, შესაბამისად, უფრო „მეტ რამეს ასწრებს“ და მის შემოსავალზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. კარგად ჟღერს, არა? აქვე, გაგანდობთ რამდენიმე რჩევას – როგორ გამოვიმუშაოთ ფული ონლაინ მუშაობით?
3. სამუშაო კუთხე – სამუშაო განწყობისთვის
სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას სახლში მყუდრო გარემოს მოწყობით ვახერხებთ ხოლმე. ჩვენი ოთახი, ჩვენი სახლის თითოეული კუთხე არის პირადი სივრცე, დღეს კი მისი პატარა ოფისად გადაკეთება გვიწევს.
4. დროის მენეჯმენტი – სახლიდან მუშაობისას
ადამიანს ერთ საქმეზე ეფექტურად კონცენტრირება შეუძლია 1.5 საათი, შემდეგ კი მისი პროდიქტიულობა მცირდება. რჩევა დროის ეფექტურად გამოსაყენებლად: დაინიშნეთ დრო – რამდენი ხანი გინდათ, რომ იმუშაოთ. გირჩევთ, ეს დრო არ აღემატებოდეს 1.5 საათს. საათნახევრის გასვლის შემდეგ კი აუცილებლად შეისვენეთ მინიმუმ 10 წთ. რჩევა შესვენებისას: შესვენება არ დაუთმოთ fb-ზე ან Instagram-ზე სქროლვას.
5. დაიწყეთ ახლავე – რადგან ამ რჩევებს კითხულობთ, სავარაუდოდ, გინდათ სახლიდან მუშაობა გახადოთ უფრო პროდუქტიული და ამ დიდ გამოწვევას ეფექტურად გამოუმკლავდეთ. სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ბოლოსთვის მოვიტოვეთ: დაიწყეთ ქმედება ახლავე! თქვენთვის დაწერეთ 2 რამ რაც ყველაზე მეტად გიშლით ხელს მუშობაში, ის ორი რამ რაც მთავარი ყურადღების გადამტანია და იქვე მიაწერეთ – როგორ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.