საქართველში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. ელჩმა ინფორმაცია ვიდეომიმართვის მეშვეობით გაავრცელა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში. ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა, ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID 19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვის და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად”,-განაცხადა საქართველში აშშ-ის ელჩმა.
მისივე განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს.
” მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. – განაცხადა კელი დეგნანმა.