მაჟორიტარები თავის ოლქებში, რეგიონებსა და რაიონებში, კარანტინით ჩაკეტილ ქალაქებსა და რაიონებშიც კი რჩებოდნენ წინა ხაზზე და მოქალაქეებთან ერთად იდგნენ, ჯანდაცვის სამსახურთან ერთად ორგანიზებას უწევდნენ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ღონისძიებებს, ასევე ჩართული იყვნენ უშუალოდ დახმარების მობილიზებასა და ორგანიზებაში. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „გაჩერებული პარლამენტის“ შესახებ ოპოზიციის პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმში იყო.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ოპოზიცია მუშაობის საშუალებას ითხოვს, რაც როგორც მინიმუმ, არადამაჯერებელია.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, პრაქტიკულად, არც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტის ჩართულობის გარეშე არ ყოფილა მიღებული.
„გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობდით დიასპორის კომიტეტთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მუშაობდა და დღემდე მუშაობს ბავშვების საკითხებზე, რომლებიც პანდემიის გამო შესაძლო რისკის ქვეშ არიან. მუშაობდა ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შესაბამის სტრუქტურებთან. ასევე მუშაობდა საფინანსო კომიტეტი, ეკონომიკური კომიტეტი ეკონომიკურ გეგმებზე.
პარლამენტი ასევე ატარებდა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრას და ეს გრძელდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ. ეს მოხდება საგანგებო მდგომარების ამოწურვისთანავე.
იმ ადამიანებისგან როგორც მინიმუმ ვერ მივიღებ შენიშვნას, როდესაც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, არ მუშაობდნენ და დღეს, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, გამოვიდნენ, ბრიფინგი ჩაატარეს, რომ მუშაობის საშუალება მიეცეთ. როგორც მინიმუმ, ეს არადამაჯერებელია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.








