თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში COVID19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვი თეთრიწყაროს  კლასტერს უკავშირდება.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში Covid19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტია მოთავსებული, მათგან 18 წლამდე ასაკის პირი არის 19.