დააპატიმრეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობის მსურველებს ფულს მოტყუებით ართმევდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობის მსურველებს ატყუებდა და მათი ქონების დაუფლების მიზნით, სამუშაო ვიზებს სთავაზობდა. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების თანახმად, დაკავებული, თანამზრახველებთან ერთად, ატყუებდა ადამიანებს, თითქოს შესაძლებლობა ჰქონდა დახმარებოდა აშშ-ისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველეყო.

“ნდობის მოპოვების მიზნით კი [დაკავებულმა] და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ [დაკავებული], რომელიც მათ „გიორგის“ სახელით გაეცნო, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და, როგორც სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელი, პირადად იძლეოდა გარანტიას, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფდა”, – წერს პროკურატურა.

განცხადების მიხედვით, დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას -12 800.66 ლარს.

პოლიციამ ზემოაღნიშნული პირი 2020 წლის 29 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გულისხმობს  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლებას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მისი მტკიცებულებები და პირს სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.