ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებზე მუშაობენ და სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მისი თქმით, გამოცდების პროცესში იგეგმება აბიტურიენტების თერმოსკრინინგი და მათ შორის მაქსიმალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა.
„ აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება, რა თქმა უნდა, დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. და ვიცით, რომ სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 – 2 მეტრით. ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე, ასეთიც ხდება ხოლმე, დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება.”-განაცხადა თამარ გაბუნიამ
მინისტრის მოადგილემ ვენტილაციაზეც აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ კონდიცირების სისტემის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
“ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. სწორედ ახლა ყველაზე ისეთი რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ბუნებრივი ვენტილაცია ამ შემთხვევაში არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, – აცხადებს თამარ გაბუნია “პალიტრანიუსის” გადაცემაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,გასატარებელ ღონისძიებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობენ. 4 მაისს გამართულ შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც 2020 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სრულყოფილად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვისთვის უნდა იყოს განხორციელებული.