თენგიზ ცერცვაძე- თითოეული კვლევა ძალიან მკაცრი პროტოკოლებით იქნება უზრუნველყოფილი

როგორც წესი, კვლევას ანდობენ იმ ქვეყნებს და მკვლევართა იმ ჯგუფს, ვისაც სპეციალისტების წრეში მაღალი ნდობა აქვს, – ამის შესახებ „კოვიდ 19“-ის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა.

„ნებისმიერი კვლევა ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მაღალტექნოლოგიური პროცესი. როგორც წესი, მას ანდობენ იმ ქვეყნებს და მკვლევართა იმ ჯგუფს, ვისაც სპეციალისტების წრეში მაღალი ნდობა აქვს. საქართველოს მონაწილეობა შემოსთავაზა არა ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, ან ერთი რომელიმე უნივერსიტეტის კვლევამ, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. სადღეისოდ, „სოლიდარობის კვლევა“ არის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა და ეს თავისთავად სერიოზული და საპატიოა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პაციენტები შეუზღუდავად მიიღებენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც დღეისთვის მსოფლიო ექსპერტებმა შეარჩიეს, როგორც ყველაზე იმედის მომცემი და მათ შორის არის დღევანდელი ფავორიტი „რემდესივირი“, რომელსაც ქვეყნები ამის გარეშე ალბათ, კარგა ხანს ვერ მიიღებენ.

„გარდა იმისა, რომ საქართველოში პაციენტებს ამ მედიკამენტებზე ექნებათ წვდომა, თითოეული ეს კვლევა ძალიან მკაცრი პროტოკოლებით იქნება უზრუნველყოფილი. თითოეულ პაციენტს ჩაუტარდება ყველა საჭირო უნიფიცირებული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და იქნება მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, რაც მათ აბსოლუტურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ კვლევაში ჩართული პაციენტები მიიღებენ დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტებს, მათი მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის დაცვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თითოეული პრეპარატით მიღწეული შედეგის ერთმანეთთან შედარებას, რა თქმა უნდა, საქართველოც გააკეთებს, მაგრამ ოფიციალური შედარება და ანალიზი გაკეთდება არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ ცენტრალური ოფისის მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც ყველა ქვეყნის მონაცემი შეგროვდება.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ კვლევაში ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანა იქნება ჩართული და საქართველოში ის სავარაუდოდ, ერთ-ორ კვირაში დაიწყება.