მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ღონისძიებები გაგრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, სოფლებში თერმოსკრინინგის პროცესი გაგრძელდება.
„დღეიდან მარნეული გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნება, საქართველოს სხვა ქალაქებში შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მარნეულელებისთვის. ამასთან ერთად, მინდა, გითხრათ, რომ მარნეულში გაგრძელდება ის საპრევენციო ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მუნიციპალიტეტის ჩართულობით თავშეყრის ადგილებში გაგრძელდება დისტანციის დაცვის პროცედურები. იცით, რომ აგრარული ბაზარი გაიხსნა 27 აპრილიდან და მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველობის ჩართულობით იქ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა, ასევე ბანკებთან და ა.შ. მარნეულშიც, როგორც საქართველოს სხვა ქალაქები, ნელ-ნელა ბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმი. დღეიდან აქაც იხსნება სალონები და ესთეტიკის ცენტრები“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.