რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან ?!

     თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა დღეიდან, 11 მაისიდან მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

“ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 8 მაისს ბრიფინგზე.

ცნობისთვის,  14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

      მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება იხსნება. გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მიმდინარე კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარია.