რუსთავში ბიტუმის გადამამუშავებელი ქარხანა სს ,,რუსთავოილი” გაიხსნა. ინვესტიციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მისი მოცულობა დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის საწარმოში 30-მდე რუსთაველია დასაქმებული.
დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საწარმოს ეწვივნენ და ბიტუმის წარმოების პროცესი დაათვალიერეს.
“რუსთავში ახლახანს გაიხსნა “აწარმოე საქართველოს” მხარშიდგომით და ამ პროექტის სიკეთეების გამოყენებით “რუსთავოილი” ბიტუმის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც ერთადერთია ამ ეტაპზე საქართველოში. მოგეხსენებათ ეს პროდუქტი სრულად შემოდის იმპორტზე სხვადსხვა ქვეყნიდან. ეს არის საწარმო, რომელიც ქართული ინვესტიციით ხორციელდება. დახარჯულია 16 მილიონი ლარი პირველ ეტაპზე და არის სხვა განვითარებები და მომავალში იგეგმება, რომ დაფინანსება იქნება 30 მილიონ დოლარზე მეტი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საწარმო მომავალში სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას ბიტუმზე“,-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მერის თქმით, საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი დოკუმენტები აქვს და მუშაობას სწორედ ამის საფუძველზე იწყებს. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ქარხანაში 32 რუსთაველია დასაქმებული.
“საწარმო პროცესებიდან გამომდინარე, საწარმო გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებდა. ეს არის გარემოს კუთხით ნებართვის აღება, საქმიანობის უსაფრთხოების კუთხით. დაახლოებით წელიწად-ნახევარია ეს პროცესი გრძელდებოდა. ამ დროისტვის საწარმოს პირველი ეტაპი დასრულებული აქვს და ამ ეტაპში იგულისხმება 16 მილიონამდე ინვესტიცია, ობიექტზე 32 ადამიანია დასაქმებული. აქ პირველადი გადამუშავების ნედლეულით მიღებული ბიტუმი მიიღება, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოიყენება”,-აღნიშნა ირაკლი ტაბაღუამ.
როგორც სს “რუსთავოილის” წარმოამდგენელმა, რამაზ ფოლადაშვილმა TV4-ს განუხადა, ამ ეტაპზე კომპანია ძირითადად საქართველოს ბაზრის მოთხოვნებს მოემსახურება, თუმცა დაინტერესება და შეთავაზება უცხოელი პარტნიორებისგანაც აქვს.
“ჩვენ ვაწარმოებთ საგზაო ბიტუმს იმ ხარისხისას, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროა სხვადსხვა რეგიონისთვის, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ დაგებულმა ასფალტმა იმაზე დიდხანს გაძლოს, ვიდრე დღეს არსებული არის. ჩვენ დასაქმებული გვყავს 32 ადგილობრივი ადამიანი. ეს არის წარმოების პირველი ეტაპი და შემდეგი ეტაპი იქნება მაზუთის გადამუშავებიდან გუდრონისა და ბიტუმის წარმოება და ასევე ზეთების წარმოება და შემდეგ უკვე 65 ადამიანამდე დავასაქმებთ. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ 120 – 150 000 ტონა წელიწადში ანუ დაახლოებით თვეში 10 000-12 000 ტონა ბიტუმი, რითაც საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის 80-90 % დავაკმაყოფილებთ. ამავდროულად გვაქვს შემოთავაზებები უკრაინიდან, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია”,- რამაზ ფოლადიშვილი.
ინფორმაციისთვის, საწარმოს მშენებლობა 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში დაიწყო და სს “რუსთავოილის” 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა. 2018 წლიდან კი ქარხნის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა.