საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 70 პაციენტიდან რეანიმაციაში 8 პირი რჩება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის თქმით, რეანიმაციაში კვლავ 8 ადამიანი რჩება, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან 70 კოვიდინფიცირებული. დღეს კლინიკიდან ეწერება 7 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 1-ის მდგომარეობა არის კრიტიკული. ჰემოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. 4 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენები მაღალ ოქსიგენოთერაპიაზე. ხორციელდება მათი მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა.