გერმანიამ საქართველოს რამდენიმე ათასი PCR ტესტი მიიღო . სამედიცინო ტვირთის გადაცემას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, სამხედრო ატაშე და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გერმანიისგან საქართველომ მოლეკულური ტესტების გარდა, სეროლოგიური ტესტებიც მიიღო, რაც ამ დრომდე საქართველოში არ იყო.
„ვსარგებლობ შემთხვევით და გერმანიის მთავრობას, საელჩოს, ელჩს პირადად და სამხედრო ატაშეს მინდა, გადავუხადო მადლობა. იცით, რომ ჩვენ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნხენშია განთავსებული. ერთ-ერთი უზარმაზარი ინსტიტუტია მსოფლიო მასშტაბით. მათთან ერთად ჩვენ რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ.
სწორედ კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში ისინი უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მზა ეგრეთ წოდებული ტესტი კიტები, „პისიარ“ კიტები ჯერ კიდევ არ არსებობდა, მოგვაწოდეს ის პრაიმერები, რომლითაც ხდება სხვადასხვა ნაკრებების შედგენა ადგილზე და ჩვენთან უკვე თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო ადამიანების ტესტირება კორონავირუსულ ინფექციაზე. ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება.
დღევანდელი დახმარება არის ისევ პრაიმერები და ასევე ახალი უკვე ტესტ-სისტემები. ეს გახლავთ იმ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ პირობებში და არა საველე პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტესტ-სისტემებს გამოვიყენებთ შესაბამისი დანიშნულებისამებრ“, – განაცხადა გამყრელიძემ.