საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა.
ქვეყანაში მოიხსნა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, რჩება რამდენიმე რეგულაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, დღეიდან რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში. როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, შეზღუდვა რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებზე, კაფე-რესტორნებში მომხმარებლების ადგილზე მომსახურებაზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე.
„ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინი პროდუქტის ექსპორტი, იმ პროდუქციაზეა საუბარი, რომელიც აუციელებლია კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურება; ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა; ასევე შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო. ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.