თუ თერმოსკრინინგის პროცესი არ გამოავლენს ახალ ინფიცირებულს, ჩვენ უკვე შეგვეძლება, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქალაქი გაიხსნას, – ამის შესახებ გადაცება “ღია ეთერი TV4-ზე” სტუმარმა, ბოლნისის მაჟორიტარმა-დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალიდან ქალაქ ბოლნისში თერმოსკრინინგის ჩასატარებლად 27 ჯგუფი იმუშავებს, პროცედურა კი დაახლოებით 2 დღეში დასრულდება.
“რაც შეეხება ქალაქი ბოლნისსა და რაჭისუბანს, თქვენ იცით, რომ ჩვენს ეპიდემიოლოგებს აქვთ სპეციფიკური მიდგომა გახსნისადმი, რომელიც გულისხმობს 2 საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ბოლო ინფიცირებულის გამოვლენასა და სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას. ეს ღონისძიებები გულისხმობს მასობრივ თერმოსკრინინგსა და შერჩევით ბიოლოგიური ნიმუშების აღებას. ამ მიდგომის გამოყენებით ხდება სოფლების გახსნა.
გუშინ და გუშინწინ აქტიურად მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი სოფელ რაჭისუბანში, სადაც არცერთი ცხელების ფაქტი არ იქნა გამოვლენილი, ხვალ დაიწყება აქტიური თერმოსკრინინგი ქალაქში. დაახლოებით 27 ჯგუფი იმუშავებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება თერმოსკრინინგის სრულად დასრულება და ეს ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი ზუსტად მთავრდება 23 მაისს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ეს პროცესი არ გამოავლენს ახალ ინფიცირებულს, ჩვენ უკვე შეგვეძლება, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქალაქი გაიხსნას. 24 მაისს უწევს სოფელ სავანეთსაც. ეს 2 საინკუბაციო პერიოდის გასვლა და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მუშევანისა და გეტას გარდა მთელი მუნიციპალიტეტი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მზად იქნება, გახსნის პროცედურისთვის”,-აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
შეგახსენებთ,რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14 -მდე ჩაკეტილი სოფელი გაიხსნა. ინფორმაციისთვს, სულ ბოლნისში COVID-19 -ის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 66 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილი.