ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე “კოვიდ-19”-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებენ

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მეორე ტალღისთვის გაძლიერებული მზადყოფნისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი ოთხი თვე ქვეყანამ ამ მიზნით უნდა გამოიყენოს. 

გამყრელიძის თქმით, გსანკუთრებით საჭიროა რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება.

„ადამიანები მოვეშვით და არ უნდა მოვეშვათ. არის ძალიან დიდი შეკრებები, აღნიშვნები დაბადების დღეების, ქორწილების. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავიცვათ რეკომენდაციები. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე მეორე, მესამე ტალღაზე სერიოზულად მიდის საუბარი. მოგეხსენებათ, ეს რესპირაციული ვირუსი გახლავთ და ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი აქტიურდება ცივი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, უფრო ძლიერი მზადყოფნის რეჟიმი, ვიდრე იანვარში გვქონდა, აუცილებელია. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ ხუთი თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რათა მეორე ტალღა თუ იქნება, მომზადებული შევხვდეთ. ადვილად გადავიტანთ ამ მეორე ტალღას და საკმაოდ სერიოზული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი ოთხი თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული. გადამზადება, მარაგების მუდმივი შევსება, ტესტირების გაფართოება, აუცილებელია, რომ მზადყოფნის რეჟიმში ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია და მსოფლიოში ამ დარგში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე საუბრობს.

„ეს არის ძველი გამოცდილება, პირველ რიგში, 1918 წლისა და 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას ჰქონდა მეორე ტალღა, რომელიც მეორე ზამთრის სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, 1918 წელში უფრო ძლიერიც კი, ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უცებ მოვაახლოვებთ“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე არ ფიქრობს, რომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო და აცხადებს, რომ ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების რისკები შემცირდება.

„ნაადრევად არ მოხდა, თავის დროზე მოხდა ყველაფერი. აქ მთავარი იქნება ჩვენ, თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა. თუ ბიზნესი მოუფრთხილდება თავის ბიზნესს და ყველა წესს დაიცავს თავსი სფეროში, ასევე ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, მესის, რომ დისკომფორტია, მაგრამ არ არის ძნელი შესასრულებელი, ესაა – დისტანცია, ნიღაბი, თავყრილობის შეზღუდვა“,- განაცხადა იმნაძემ.