გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. როგორც თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი მუხლით – ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაკავებული.

ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ჩხუბის არცერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

“დილით დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ძალადობასა და კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ბრალს გამოძიება რითი წაუყენებს არ ვიცით, თუმცა, განცდა და ეჭვი გვიჩნდება იმისა, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც სახლში დაწყებულ კონფლიქტში და არც შემდეგ მაგისტრალზე გაგრძელებულ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გაკვირვებულები ვართ. ჩვენ წინა დღეებში პოლიციაში ვიყავით, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარეთ, ასევე ხელის კვალის ნიმუში ჩავაბარეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ ნივთს არ ფლობდა და არც რაიმე იარაღი ჰქონია”, – განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.