საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით, გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ გამართლდა.
„დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას იგივე ინტენსივობით გააგრძელებს.
„დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლების. რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე თვეა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.