მარინა ეზუგბაია- კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

 საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად  არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, ოღონდ ამას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.