მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც სავალდებულო „პისიარ“ ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ – მთავრობის განკარგულება

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო „პისიარ“ ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.

მთავრობის განკარგულებით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში არიან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასა თუ ამბულატორიაში მოხვედრილი პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება და ამავდროულად რესპირატორული დაავადების ნიშნები ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი; სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები; ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი; ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე; ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე; ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი; იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს; დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;

საკარანტინო სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინო სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე; საკარანტინო სივრცეებში მომუშავე პერსონალი; საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები; ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას; ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები;

სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან; საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები – საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია.

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია stop covid, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.

საბჭოს წევრებმა განიხილეს შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება. შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები. ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. ამ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.