პაატა იმნაძე – ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიის გავრცელების თვასაზრისით ვითარება კონტროლირებადია.

მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა მთავარია, რომ მკვეთრი მატება არ დაფიქსირდეს, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა გამოიწვიოს.

„ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლირებადია. ძალიან გვაშფოთებს ის, რომ დღევანდლამდე იყო ხუთი შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცოდით. ეს ყოველთვის არის ძალიან დამაფიქრებელი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ავად გახდა ვიღაცისგან, ვინც არ ვიცით, რომ ავადაა, სად არის და კიდევ ვის გადასდებს. ანუ, მის ახლოს წრეში ვერ მოვნახეთ ინფიცირების წყარო.

როცა ყველაფერი გაიხსნება და მობილობა გაიზრდება, აღდგება ტრანსპორტი, როგორც საქალაქთაშორისო, ისე მუნიციპალური, გაიხსნება რესტორნები და ბევრი სხვა დაწესებულება, გასაგებია, რომ მატება იქნებოდა. ანუ, მატება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მთავარია, ეს მატება ინტენსიური და მკვეთრი არ იყოს, რომ ამან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ გამოიწვიოს“, – განაცხადა იმნაძემ.

წყარო: 1tv.ge