ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციები შეიმუშავა.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების სრული ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დრო არ აღემატებოდეს 3 საათს,
რეკომენდაციების თანახმად, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით უნდა მოხდეს; ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; უნდა აიკრძალოს სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
წესები, მუზეუმებსა და გალერეებში უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.
- დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);
- საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მოახდინეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;
- რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;
- ღია სივრცეებში, უზრუნველყავით, სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას, თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
- გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;
- გააკონტროლეთ შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვა;
- ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყავით მათი დეზინფექცია ან გამოიყენეთ ერთჯერადი ყურსასმენები;
- იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა დაშვება; სამუზეუმო კაფის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
- სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;
- აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.