კოსტავას გამზირზე ველობილიკის პირველი ნიშნები გამოჩნდა – ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი კიდევ ერთი ცენტრალური ქუჩა იქნება, სადაც რუსთაველი პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები ველოსიპედებით გადაადგილებას თავისუფლად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ შეძლებენ. 

ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე თანამედროვე ურბანული ელემენტები, ველობილიკები „რუსთავის მუნიციპალიტეტის ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის“ ფარგლებში დაიხაზება. სტრატეგია რუსთავში უსაფრთხო საველოსიპედო სისტემის, ველოსატრასპორტო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ველოკულტურის განვითარებისათვის დაიგეგმა.

ასოციაციარუსთავველო” ერთ-ერთია, რომელიც ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. რუსთაველი ველომოყვარულების მთავარი გამოწვევა და სურვილი ახლა 10 წლიანი სტრატეგიის უფრო მოკლედ დროში განხორციელებაა, რაც რუსთავში ველოკულტურის უფრო სწრაფად განვითარბას ხელს შეუწყობს.

რუსთავველოს” პრეზიდენტი გიგა ძულიაშვილი ამბობს, რომ პანდემიამ ქალაქში ველოკლუტურის განვითარების პერსპექტივა გამოაჩინა. არსებული შეზღუდვების გამო, რუსთავის ქუჩებში ველოსიპედით მოსიარულეები მომრავლდნენ და ველომოყვარულებს არაერთი რუსთაველი შეუერთდა.

ცნობისთვის, სტრატეგიის პროექტის შექმნა სამუშაო ჯგუფმა გასულ წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტებთან ერთად დაიწყო. სამუშაო ჯგუფში რუსთაველი ველომოყვარულები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.