საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა.

„ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში დღეს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ასევე ყველა წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.